gvantsa: ინტერვიუ საკუთარ აჩრდილთან როდესაც მოსაღამოვდება და ცივი ნიავი უბერავ…
ინტერვიუ საკუთარ აჩრდილთან
როდესაც მოსაღამოვდება და ცივი ნიავი უბერავს, ჩემს გონებაში ღრმა ფიქრებისა და მელანქოლიის აჩრდილი შემოძვრება ხოლმე. ის სიგარეტის თხელ კვამლს ჰგავს, ჩემი შინაგანი სამყარო კი მისით გაჟღენთილ პატარა ოთახს. ღამეა, თუმცა ოთახი მზის ოქროსფერი, ქორფა სინათლით არის აღვსილი. ეს აჩრდილი კი მუდამ მისი მდგმურია, რომელიც ხანდახან ძილისპირულ დიალოგებს მიბამს წარუმატებლობაზე, უარყოფაზე, ჩემს მანკიერ თვისებებსა თუ სისუსტეებზე. თუმცა იმაზე, რასაც ახლა მოგიყვებით არასდროს გვისაუბრია…
ერთ ღმით რაღაც მოხდა და მეც ფიქრებმა ამიტანეს. ვიგრძენი მთლიანად როგორ დანესტიანდა ჩემი სული. მისმა ამ მდგომარეობამ არც შემაშფოთა, არც დამძაბა, მხოლოდ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ საცოდავად ვგრძნობდი თავს და უიმედოდ. არ ვიცი ეს ყოველივე იმას მივაწერო, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუ თავის მოტყუება დავარქვა, თუმცა არ ვიწვოდი უბედური ადამიანის დანთებულ კოცონში. დიახ, ჩემს სულს სტკიოდა და მისი მტეხიარებაც ავტომატურად ნიშნავდა ჩემსას, თუმცა ეს არ მაწუხებდა.
გამოგიტყდებით და ჩემს მდგმურთან კომფორტსაც ვპოულობ დროდადრო. თითქოს ის ერთადერთია, ვინც ჩემს ჩახუტებას კადრულობს და მეც ფსევდოდ, მაგრამ დაცულად ვგრძნობ თავს მასთან. ხოდა, მისი ერთ-ერთი სტუმრობისას ჩემი სული ისე დაინამა, როგორც ფანჯრები ძლიერი წვიმის შემდეგ. შინაგანმა ჩახუთულობამ ყველაფერს შპალერივით შეაწება ორთქლი. ერთი ამოსუნთქვა დამჭირდა ცნობიერის გასათიშად. ჩავუღრმავდი საკუთარ გულისთქმას. ჩემი აჩრდილი კი იმთავითვე გვერდით მომიჯდა და მოთმინებით დამელოდა, სანამ საწოლში მოკუნტული აზრებს თვს მოვუყრიდი და მორიგ ბაასობას გავმართავდი …
ვკითხე ცხოვრების სიმკვახისგან დაცარიელებული თვალები წყლით რამ აუვსო მეთქი ჩემს სულს, მან კი არ დააყოვნა: “სიყვარულის უიღბლობამ და იმან, რომ ეს უსამართლო წუთისოფელი წარბშეუხრელად მუსრავს ყოველივე მშვენიერსა და უმანკოს“.
მეწყინა. მთელი ცხოვრება მჯეროდა, რომ სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებდა, ახლა კი იმის ფიქრს უნდა დავეტანჯე, რომ ვცდებოდი და მთლად ფილმის სიუჟეტივით არ იყო ცხოვრება გაწერილი. მითხრა ადამიანის ნება უფრო ძლიერია ვიდრე გრძნობებიო და ამის ბრალეულობით მარცხდება თითქოს ყველაზე წმინდა განცდაო. კაცობრიობა სიყვარულმა შექმნა, თუმცა მისი უანგარობა ვერ დაანათლაო. გავინაბე... პასუხი არ მქონდა. ადამიანს შეუძლია ნებისმიერს მიაყენოს ზიანი, მეტიც, ყველაზე სახიფათო ყველაზე საყვარელი პიროვნებაა, რადგან უსაზღვროდ დიდი ბერკეტი აქვს ხელთ ტკივილი მოგანიჭოს. გამოდის არავინ უნდა შევიყვაროთთქო? - ვკითხე. მან კი მიპასუხა:
- განა არავინ უნდა გვიყვარდეს, უბრალოდ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს ჩვენს გამანადგურებლად შეიძლება იქცეს და ამის მიუხედავად დახუჭული თვალებით ვენდოთ ჩვენს მკერდს მობჯენილ იარაღს, რომ არ გაისვრის.
- შენ ენდობოდი?
- მე ვენდობოდი, თუმცა გულის სიღრმეში შევამზადებდი თავს უარესისთვის. არაფერია ისეთი, რასაც ვერ გადავიტან. ვერაფერი დამცემს მიწაზე დიდი ხნით. მალე, რომ დაივიძინებთ, შენი ცხოვრება მოგელანდება. გაღვიძებულს კი თავად გადაწყვეტ ვინ იქნები, ის ვინც ცხელ ტყვიას გულს შეუშვერს, თუ ვინც წუთისოფელს ეჭვიანობასა და შიშში "უმტკივნეულოდ" გალევს.
მართლაც, მალევე ჩაგვეძინა. შავ ფონზე თეთრ ლაქად სინათლე მოსჩანდა. მივუახლოვდი. ორი ფიგურა გავარჩიე, მე და შენ. შავებში ჩაცმულნი ერთმანეთის დამბაჩებს ვეყრდნობოდით, ვარსკვლავებივით ელვარედ მომზირალნი, თვალი თვალში გვქონდა გაყრილი. შიში და სიყვარული ირეოდა ერთმანეთში. სისავსე და სიცარიელე. ნათელი და ბნელი. მე და შენ. იმედისმომცემად გათბა ატმოსფერო, შემდეგ კი ერთ-ერთმა გაისროლა...
რომ გავიღვიძე, მხურვალე ლოყებზე ცივი სისველე ვიგრძენი, ვტიროდი... არ მახსოვს რომელს გვძლია პანიკამ, მხოლოდ იმედგაცრუება მახსოვს. მტკიოდა, ან საკუთარი მოღალატეობა, ან სხვისით მოწამლული ნდობა. წამით გავქვავდი. მხოლოდ აჩქარებული გულის ცემა მესმოდა, რომელმაც ცოტა ხანში გამომაფხიზლა. გონზე რომ მოვედი აღმოვაჩინე, ჩემს აჩრდილს სულ მარტო დავეტოვებინე ამ გაუგებრობაში. ახლა მომიწევს დაღამებას ველოდო, რომ ისევ მესტუმროს ნაცარივით შავი და მელანქოლიური ფიქრებით სავსე სათლებით, რომელსაც ოთახში მიმოაპნევს. ალბათ მან იცის რაც მოხდა, ჩვენ ხომ ერთი ზმანებით ვართ შეპყრობილნი. მოვა და იქნებ პასუხიც გამცეს, თუ რომელმა გამოჰკრა სასხლეტს თითი...
04.11.2024