gvantsa chaduneli: სულ ერთი დღის დაბადებული იყო წლევანდელი გაზაფხული. ვატყობდი ამ დროს მ…
სულ ერთი დღის დაბადებული იყო წლევანდელი გაზაფხული. ვატყობდი ამ დროს მხოლოდ ბუნება არ იღვიძებდა და იფურჩქნებოდა, არამედ ჩემშიც დაიწყო აყვავება რაღაც საოცრად ტკბილმა და სიცოცხლის მომცემმა. როდესაც ამაზე ვფიქრობ, თვალწინ ალუბლის ყვავილი მიდგება. გრძნობა გამოიყურება, როგორც სიტყვა "ვარდისფერი". ოღონდ ყველაზე თბილი და ნაზი ვარდისფერი... ზუსტად პირველი დღე დაღამებულიყო გაზაფხულისა. სახლისკენ მიმავალნი ავტობუსს ვუცდიდით. სწორედ მაშინ დამეუფლა პირველად შიში, რომელიც ამტკიცებდა, რომ სხვაგვარად უცქერდა ჩემი გული ამ ადამიანს. ხშირად ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ: "ხვლიკისფერია მისი მწვანე თვალები, ისეთივე, როგორიც დიდოსტატის სვეტიცხოველი. თვალები, რომლებიც სინათლეს დღის ცაზე გამოჩენილი ვარსკვლავებივით ირეკლავენ, ზოგჯერ იმაზე მწვანეა, ვიდრე თავად მაისი, იმაზე ღრმა, ვიდრე უძირო ოკეანე, იმაზე ჩუმი, ვიდრე ჭაობი: მყუდრო და ჩამთრევი". მტკიცე გამოხედვა აქვს, სულის შემკვრელად ძლიერი. არც განსაკუთრებულად მშვენიერი, სიცივისგან გაწითლებული ცხვირი აქვს... თხელი, ულვაშებში ჩამალული ტუჩები. როდესაც მიღიმის, მზერას ვერ ვწყვეტ მისი სახისას, როცა მიბრაზდება კი თვალს ვერ ვუსწორებ და გულს ჭინჭარი მისუსხავს. ამ დროს მისი ბაგე შუაზე იპობა და ტუჩების კუთხეებს, თითქოს მიწა ექაჩება თავისკენ, მუდამ დაბლა ხრის... მიყვარს მისი ჩახუტება. ოსტატის ნაქანდაკები მკლავები აქვს. მათ რომ შემომხვევს და ჩემს მკერდს თავისზე მიიკრავს მაშინ ვარ ბედნიერი. მის გულის ძგერას რომ ვუსმენ, მის სუნთქვას რომ ვგრძნობ სახეზე, თმაზე რომ მეფერება, ჩემს კისერში რომ აფლობს თავის სახეს... მიყვარს მისი ლოყების ფერება, როდესაც ერთობ უემოციო გამომეტყველებით ზის და ჭერს მისცქერებია. მიყვარს ჩემ გამო რომ იცინის. მიყვარს ჩემს სახეს თავის მტევნებს შორის რომ მოაქცევს ხოლმე და მცირე ხნით მაკვირდება, შემდეგ თავისთან მიმიზიდავს და ღაწვებზე მკოცნის, თვალების დაბლა. ყველაზე მეტად ჩხუბის შემდეგ მიყვარს მისი ჩახუტება, როდესაც მადლიერებას ვგრძნობ მისი არსებობისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნე. სწორედ მაშინ ვგრძნობ მისი დაკარგვის შიშს, ვიდრე გაცხარებული კამათისას.
გაზაფხულის სულ პირველი დღის გვიან საღამოს, თავადაც რომ დამიწყებდა უსიტყვოდ ცქერას, ვეჭვობდი განსხვავებული ვეგონე. გოგო, რომელიც გაუფრთხილდებოდა, არ აწყენინებდა, გულს არ ატკენდა. ალბათ ასე არ აღმოჩნდა. განა განსხვავებული არ ვიყავი… ვაწყენინე... თუმცა ეს მასზე მეტად მე მტკიოდა…