gvantsa: - ხვალ - რატომ ვერ მოვწყდი ამ გაუგებრობას? რატომ დავიკარგე ამ ლაბირინ…

gvantsa · Mande

- ხვალ -

რატომ ვერ მოვწყდი ამ გაუგებრობას? რატომ დავიკარგე ამ ლაბირინთში? მინდა ყოველ საღამოს, განმარტოებისას, მელანქოლია არ მელოდეს ჩასახუტებლად გაშლილი ხელებით. სხვა ჩახუტება მინდა, ადამიანის. დასვენება მინდა. ნუთუ მართლა მომწონს რომ ვიტანჯები? არა, ახლა არამიშავს.. ისე არ ვნაღვლობ, როგორც მჩვევია, არამედ უფრო მსუბუქად. ეს ცოტა სხვა სევდაა ჩემი თანამგზავრი. ან იქნებ შიშია. შიში უარყოფის, თუ რაღაც მსგავსი. განა იმიტომ, რომ არაფერი დამეწუნება, არა, იმდენ უსუსურ თვისებას ვატარებ რამდენ მთვარესაც იუპიტერი, უბრალოდ ის ილუზია, რომელსაც სულ თავში ვატრიალებ, იმდენად მომაჯადოვებელია არ მინდა გამოვფხიზლდე. თითქოს ვშიმშილობ და ეს ფიქრები კი როგორც პურის ნამცეცები ისეა ჩემთვის. უსარგებლო და იმედის მომცემი. დავყურებ და თვალებში ჩამდგარი სიცარიელე ცრემლებით მევსება. ეს მე ვარ თუ მარტოსულობა დასშტერებია პურის ნამცეცებს, ღამღამობით რომ თავს მახსენებს თავისი ფსევდო არსებით?
დროა ხვალ მოვიდეს. როგორც არ უნდა გავექცე, სადაც არ უნდა დავემალო მაინც სულ მპოულობს და მაიძულებს დროებით გვანცა ვიყო, მიხაროდეს, ვიცინოდე. დროა ხვალ მოვიდეს, დროა მივეცე ზმანებას. ჩვენ სამნი ვწევართ საწოლში. მე, მარტოსულობა და მელანქოლია. მათ შორის თბილად ვარ გაჭედილი, ვერ ვმოძრაობ. ჩახუთულობაა. აქ ჩემი ადგილი არ არის. მაგრამ ვახერხებთ სარეცელის გაყოფას, ერთი სიზმრით გვძინავს და წარმოიდგინე დილითაც ერთად ვიღვიძებთ. დღე იფიტება დაჭერობანას თამაშში. ხან ვისთან გავიქცევი, ხან ვისთან და ჩემი მხსნელი კი არავინ არის, რადგან ხსნაც არ არის. ჯობია ჩაბარდე ამ უკანასკნელთ და შეეგუო, რომ არ არის დრო შენი წილი სიმშვიდის მიღებისა. ამის გააზრებით კარს ვუღებთ სიმარტოვეს, რომელსაც მარტოსულობას აღნაგობაც კი არ მიუგავს. ის არ არის ბლანტი, არც მიმზიდველი, არც თბილი. უფრო წარმოსადეგ, პრინციპულ მამაკაცს ჰგავს წვერითა და მტკიცე გამოხედვით, ან ძლიერ ქალს, ვისზე დაყრდნობასაც შეძლებ და ვისთანაც დაცულად იგრძნობ თავს. სიმარტოვე ხშირად წამალიცაა, თუმცა მისი შოვნა მეტად გასაჭირვებელი ამბავია. მას თავისი ადგილი აქვს, დღის თავის მონაკვეთში გინიშნავს პაემანს და თუ გაგიმართლებს და დროცა და სივრცეც იდეალურად მოგერგება, მაშინ კი იდარდოს იმ ორმა შენს პოვნაზე. მარტო რომ ხარ ყველაფერი შენს ხელთაა, ყველაფერს აკონტროლებ. შენ ცვლი წელიწადის სეზონებსაც და ამინდის ცვალებადობაც შენი თავისუფლებაა. დამოუკიდებელი ხარ სხვისი მოსაზრებებისა და გამოხედვისგან, რომელიც ხშირად ვერ გაწვდის სათქმელს, გაბნევს და ღრმა ქარაფისკენ გექაჩება, სადაც გელიან ძველი ამხანაგები. შენც ცდილობ გაქვავდე, თუმცა ის მზერა ფეხქვეშ მიწას სილად გიქცევს და ტალღებს აძლევს ჩასაძირად. ეფლობი ამ თვალებში, გიტყუებს მის სიღრმეში მოკაშკაშე ეული სხივი და ცნობისმოყვარეობის ქარბუქში გახვევს. განდომებს ჩაებღაუჭო ამ სინათლეს, რადგან ნათელი როდი მოასწავებდა ცუდს, თუმცა ვერ ეხები, მკლავებში გადნება და უკან გამოხედვასაც ვერ ასწრებ, რომ ყველა საიქიო გზა გამქრალია. რჩები მარტო და ეს სიმარტოვე წარმოსადეგ მამაკაცს კი არა ასი წლის მიტოვებულ სახლს მოგაგონებს. ახლა რა ხდება? შავ კატას ვეძებთ ამ უკუნით წყვდიადში, თუ მივდივართ?! თუ სად მივდივართ ეგ ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით, რომ უკან არა. წინ წავიდეთ იმ იმედით, რომ შორიდან ამ სახლს ვეღარ დავინახავთ. ეს შორს ყველასთვის სხვადასხვაა. ზოგი წრეზე ივლის, ზოგი მართლა შორს წავა, ზოგმა იქნებ დარჩენაც გადაწყვიტოს, მოხუცებულის კიბეზე ჩამოჯდეს და თავი ფიქრს მისცეს. ზოგის ფეხებთან მალე ჩვენ რომ ვიცით იმ პურის ნამცეცები გამოჩნდება და ისიც გადაწყვეტს მისგან გაკვალულ ბილიკს მისდიოს. აი მე ვივლი და ისევ ხვალ შემხვდება, ისევ მომიწევს ბრძოლა ნამცეცებისთვის და ოდესმე იმდენს მოვაგროვებ მიგრანტ ებრაელებს რომ დააპურებს, ან დამშეულ გონებაზე ამ ცოტას დავეხარბები და ყველაფერი ისევ ტრაგიკულად დასრულდება...

12.09.2024

gvantsa: - ხვალ - რატომ ვერ მოვწყდი ამ გაუგებრობას? რატომ დავიკარგე ამ ლაბირინ…
Open in Mande