gvantsa chaduneli: უძღები შვილი თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ქარბუქში ვდგავარ გაქვავებული, ზ…

gvantsa chaduneli · Mande

უძღები შვილი

თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ქარბუქში ვდგავარ გაქვავებული, ზედ კი სველი ტანსაცმელი მაცვია და რამდენჯერაც ქარი დამიბერავს იმდენჯერ დამივლის უსიამოვნო ჟრუანტელი ტანში და გამახსენებს თუ რამდენად მცივა. ნუთუ შეიძლება სიცარიელე ამდენად მძიმე იყოს?! ეს ბლანტი და მღოღავი ემოცია შინაგანად მხუთავს, ცეცხლს მიკიდებს და სულსაც თავად მიბერავს რომ ერთობ არ დავიწვა და დავიფერფლო. მე იმ ფანჯრის აჩრდილი ვარ ცხელი ჰაერის ღვარცოფი რომ გაუმჭვირვალს ხდის, მასზე შემდგარი ორთქლი კი ცრემლებად ეღვენთება საწყალს სხეულზე. ეს კი იმისი ბრალეულობით, რომ ვიღაც ძალიან ძვირფასს გამოვემშვიდობე. ბუნებრივია რთული იქნებოდა საკუთარი ნაწილის დათმობა. ამას შევეგუე და თავს კარგადაც მაგრძნობინებდა იმის გააზრება რამდენად მართალი ვიყავი სამყაროსთან და "მე"-სთან. წუთისოფლის განაწირი ჩემი თავი რომ ხელში ავიყვანე და დავამშვიდე მივხვდი რამდემად ძლიერი ვიყავი. შემეძლო ამის გაკეთება და შევძელი კიდეც, მაგრამ რომ გავიაზრე ჩემს მკლავებში მოქცეული ერთადერთი სიტკბოება მე აღარ მეკუთვნოდა შევშფოთდი, და სულ თავზე დამემხო უზენაესი პრინციპულობა. როგორი რთული ფორმულა ჰქონია ამ ცხოვრებას.. თუ გიყვარს უნდა გაუშვა და დაელოდო როდის დაგიბრუნდება, მაგრამ არც იცი რას ელოდები, ან რამდენხანს გასტანს ეს მოთმინება. უნდა გქონდეს კი იმედი რამის? არ ვიცი, მაგრამ მაინც გავუშვი ჩემი უძღები შვილი, რომ იაროს იმ გზაზე, რომლის დასასრულიც მე შეიძლება არც ვიყო. მისიც მესმის, რთულია ორ ძვირფასს შორის აირჩიო. მაგრამ არჩევანი გასაკეთებელია და მას კი ამის ძალა არ შესწევს, ვერც მე მივუთითებ, ამიტომ ისღა დამრჩენია ფიქრისთვის სივრცე დავუტოვო. ახლა ეს მისი თავგადასავალია და მე ამ გამოცდის მჯერა. დაკარგული სული ბევრს ივლის თუ ცოტას მაინც ვერ აცდება ჭეშმარიტ ბილიკებს, და თუ აცდება, მაშინ ეს ის სული არ ყოფილა მე რომელსაც ველოდები და მისი გზა კი დამილოცნია.
სიო თვალებში ჩამდგარ წყალს მიშრობს, ფოთლების სურნელს აზრზე მოვყავარ. ვუყურებ როგორ მიდის ჩემგან და ჩემში ატეხილ ამ გრძნობას კი ვერაფერს ვუგებ. თან შვებაა და თან დაცემა. თან თავისუფლებაა.. ის მიდის, როგორც ერთი ღამის საიდუმლო, რომელ ღამისთვისაც თავის დაღწევა არ გინდა. არ ვუყურებ, უბრალოდ ვდგავარ გაქვავებული და ჩემში კი თითქოს აღარაფერი დარჩა ცოცხალი...

Open in Mande