gvantsa: მარტო სული სახლისკენ მიმავალს ერთი სული შემომხვდა გზაზე. რომ მომიახლო…

gvantsa · Mande

მარტო სული

სახლისკენ მიმავალს ერთი სული შემომხვდა გზაზე. რომ მომიახლოვდა სიგარეტისა და სევდის სუნი ვიგრძენი. საით წავიდეო მკითხა. არც იცოდა სად უნდა მისულიყო, უბრალოდ გაჩერებას სიარული ერჩივნა, უკანაც ვერ ბრუნდებოდა. ხოდა საითაც მე მივდივართქო მივუგე და ასე გავხდით ერთმანეთის თანამგზავრები. რაც მეტ მანძილს გავდიოდით, მეტს ვიგებდი ამ სულის შესახებ. ქალი იყო. გულგატეხილი. მითხრა ადამიანი მიყვარს, თუმცა მასთან ვერ ვურთიერთობო. მასაც ვტანჯავო, ჩემს თავსაცო, არადა ისე მიყვარს მასთან რომ ვარ მაშინაც მენატრებაო. რომ ვიყავიო.. შეასწორა. მიყვებოდა როგორ არ იყო სიყვარული თვითკმარი ადამიანთან ყოფნისთვის. ახლა ცდილობს რწმენა არ დაკარგოს. ფიქრობს, ეს გრძნობა, რომელზეც ამდენ პოეტს სული დაუღვრია, მხოლოდ შეჩვევაა, მხოლოდ დრო, რომელსაც მასთან სასიამოვნოდ ატარებ. დანარჩენი ისაა, რამდენად არ დაიღლები მისით, რამდენად შეეწყობით, რამდენად გაუფრთხილდებით ერთმანეთს. გამოდის, სიყვარული მხოლოდ ერთობლიობაა იმ საჭირო დეტალებისა, რომელსაც ადამიანი უნდა გთავაზობდეს და შენც უკან უბრუნებდე. მეც ამ სამყაროში მხოლოდ სიყვარულის მჯეროდა და ახლა, როდესაც გავიგე მისი ილუზიურობის შესახებ, თითქოს აზრი აღარაფერს აქვს. თვალებიდან სულის სინათლე გამოსცლოდა და ერთბაშად ჩამქრალა. შესამჩნევად მაღალი ქალი იყო, თუმცა ყოველ ნაბიჯზე მხრებში იხრებოდა, თავი უმძიმდა და თითქოს მიწა მისკენ ექაჩებაო, როგორც შეეძლო ძირს დაათრევდა ჩამოყრილ ხელებს. სახეზე არაფერი ეწერა მონატრებისგან გამოხდილი ტკივილის მეტი. არადა ლამაზი იყო. გრძელი და ოდნავ ქერა თმა ჰქონდა, ბოლოებში ახალშემოსული წაბლის ფერი. დიდი და მწვანე თვალები ჰქონდა, რომლებიც მთელ სამყაროს უდრიდა, თუმცა ახლა ცარიელი იყო. მისი გულივით ცარიელი, რომელშიც ადგილი ერთისთვის იყო, იმ ერთს კი მიეტოვებინა. გრძელი, თეთრი კაბა ეცვა. თუმცა მისი სიგრძე მიწამდე არ ატანდა, ბოლოები მაინც მტვერსა და ტალახში ამოგანგვლოდა. ოქროს საათი ეკეთა მარჯვენა მაჯაზე, რომელიც იმ წუთას გაჩერებულა, როდესაც სიყვარულს მისგან შორს ყოფნა მოუნდომებია, მაგრამ საათი მაინც ეკეთა. დროც მუდამ ზეპირად იცოდა, რადგან წამებს აგროვებდა იმ უხსენებელი მომენტიდან მოყოლებული, დრო განმკურნავსო. ჯერ მხოლოდ ორი დღე გასულიყო და ერთი საათი და შვიდი წუთი, ორმოცი წამი, ორმოცდა ერთი... ყელზე ოქროსფერი ჯაჭვი ეკიდა, ისეთი უცხოდ ნაქსოვი, გეგონებოდათ საგანგებოდ მისთვის შექმნესო, იმ კაცის ნაყიდი იყო. მითხრა ლამაზია და არ ვიხსნი, განა სამკაულმა რა დააშავაო, თუმცაკი ვატყობდი, რამდენჯერაც თავში მოუვიდოდა მიკეთიაო, თითებით მოეფერებოდა და თვალზე მომდგარ ცრემლებს ვერ უკრძალავდა მკურნალი მდინარესავით არ დაეწყოთ ლოყებზე დინება. სამკაულმა რა დააშავაო... სახლში მისვლისთანავე ნატკენი ხელებით ჩაასვენა ყელსაბამი იმ ყუთში, რომლითაც აჩუქეს, შემდეგ კი უჯრაში, რომელსაც დიდი ხანი აღარ გააღებს... მარტოსული იყო ეს ქალი. სულ მარტოც იყო და სულიც. მაშ სიყვარული არ არსებობსო?! აბა რას ვსწავლობდი მთელი ცხოვრება? ღმერთია სიყვარულიო და ყველაფერშია, რაშიც იპოვნიო. ვისშიც იპოვნიო. სადაცო. იმ უხსენებელ, წვიმიან ღამეს, მასაც სჯეროდა, იპოვნა სიყვარული, ბოლომდე სჯეროდა, სულ ბოლომდე, და, როდესაც იმედიანობდა ჩემთან დარჩება და ერთად ყველაფერს გავწვდებითო, სიყვარული ადგა და წავიდა, გაშორდა მას, იმ მახინჯ ადგილს და მხოლოდ ტკივილი დატოვა, ტკივილი მონატრების, ტკივილი სიყვარულის, მხოლოდ მისთვის, პერსონალურად.

Open in Mande